დამიანე ნავროზაშვილი XI კლასი
ქვის ხანა — კაცობრიობის განვითარების უძველესი კულტურულ-ისტორიული პერიოდი, როდესაც შრომისა და საბრძოლო იარაღი იქმნებოდა უმთავრესად ქვისგან. თუმცა, აგრეთვე გამოიყენებოდა ხე და ძვალიც. ქვის ხანის ბოლოსთვის, გავრცელება ჰპოვა თიხის ჭურჭლის გამოყენებამ.
ქვის ხანა იყოფა სამ ნაწილად: პალეოლითი (ძველი ქვის ხანა), მეზოლითი (შუა ქვის ხანა) და ნეოლითი (ახალი ქვის ხანა). თავის მხრივ, პალეოლითი იყოფა: ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად.
ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრავალგან არის აღმოჩენილი: დმანისში, კაცხში, ლაშებალთაში, ჭიქიანის მთაზე.
პალეოლითი
პალეოლითი ქვის ხანის ყველაზე ხანგრძლივი და ადრეული პერიოდი. პალეოლითის დასაწყისია უძველესი განათხარი ადამიანების (ჰომო გაბილისი, პითეკანთროპი) არსებობის ხანა და გეოლოგიურად პლეისტოცენის ადრინდელ საფეხურს შეესაბამება. ამ დროის კლიმატური პირობები, მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელობისაგან. პალეოლითის ადამიანის ძირითადი იარაღი იყო ქვის ცული. საჩეხი, წვეტანა, საფხეკი, საჭრისი, დანა და სხვა იარაღები. ამზადებდნენ ხისა და ძვლის იარაღსაც. მეურნეობა მიმთვისებლური იყო, მისდევდნენ შემგროვებლობას, ნადირობასა და თევზჭერას. შუა პალეოლითში (მუსტიეს ეპოქა, ნეანდერტალელი ადამიანი) ჩნდება რელიგიის წარმოდგენები, ისახება ხელოვნური ასდრესი ფორმები. პალეოლითი იწყება დაახლოებით 2 — 2,5 მლნ. წლის წინ (ოლდოვაის კულტურა, აღმოსავლეთი აფრიკა).
პალეოლითში გამოიყოფა 3 საფეხური - ქვედა (ადრინდელი), შუა (მუსიეს ეპოქა) და ზედა (გვიანდელი).
საქართველოში პალეოლითური კულტურის არსებობა პირველად დადასტურებული იყო 1914 წელს საკაჟიას მღვიმეში. პალეოლითის მეცნიერულ შესწავლას ჩვენში საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის პირველი მეოთხედიდან. 1926 წელს პროფ. გ. ნიორაძემ აღმოაჩინა და მაღალ მეცნიერულ დონეზე შეისწავლა დევისხვრელის მღვიმე. დღეისათვის საქართველოში პალეოლითის გავრცელების 6 ძირითადი რეგიონი გამოიყოფა:
· საქართველოს შავი ზღვის ზოლი (აფხაზეთის ჩათვლით) და მისი მიმდებარე ენგურის ხეობა;
· რიონ-ყვირილის აუზი
· შიდა ქართლი (დღევანდელი ოსეთის ტერიტორიისა და დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთების შუა ზოლის ჩათვლით)
· მდინარე მტკვრის დაბალმთიანეთი ისტორიული ქვემო ქართლის ფარგლებში
· ჯავახეთის ზეგანი
· იორ-ალაზნის აუზი.
საქართველოში 400-ზე მეტი პალეოლითური ძეგლია, მათ შორის 70-ზე მეტი აშელის ხანისაა (3 მღვიმური და 1 ღია ტიპის სტრატიფიცირებული), 200-ზე მეტი — მუსტიესი (20 ძეგლი მღვიმური, დაახლოებით 130 ზედა პალეოლითისა და მეზოლითის ხანის). მე-3 და მე-5 რეგოინებისათვის განსაკუთრებით დამახასიათბელია ორმხრივი დამუშავების ტექნიკით ნაკეთები იარაღი (ხელცულები, საჩეხები და სხვა).
შუა პალეოლითში იარაღის დამუშავებითა და ტიპობრივი და შედგენილობით 4 ლოკალური ჯგუფი გამოიყოფა:
· ჯრუჭულ-კუდარის ჯგუფი - ტიპური მუსტიე. ახასიათებს ქვის გაპობის ლევალუაზური ტექნიკა, ლამელების, წვეტანებისა და კონვენგენტური სახოკების დიდი რაოდენობა, იარაღის ნაწილობრივ ორმხრივი დამუშავება, წაგრძელებული პროპორციები და სხვა. ძირითადად ჭრუჭულის ტიპის ძეგლებითაა წარმოდგენილი.
· ცუცხვათის ჯგუფი — დამახასიათებელია ქვის გაპობაში არალევალუაზური ტექნიკა, ტიპობრივი და დაკბილული მუსტიესათვის დამახასიათებელი იარაღის თანაარსებობა და თანაფარდობა. წარმოდგენილია ცუცხვათის მღვიმეთა კომპლექსის ძეგლებით.
· ჯგუფი წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ძეგლით - წოფი I. იგი ქვის გაპობით, იარაღთა ტიპობრივი შედგენილობითა და დამუშავების ხერხებით მუსტიეს კულტურის შარანტის ვარიანტს უახლოვდება
· ცხინვალის ჯგუფი - ტიპურიმუსტიე, დამახასიათებელია ერთგვაროვანი ნედლი მასალა (ანდეზიტი), მკვეთრად გამოხატული ლევალუაზური, ლამელარული ინდუსტრია და ლევალუაზური ტიპოლოგია. წარმოდგენილია სოფელ კეხვის, დამპალეთის, თამარაშენისა და კუსრეთის ღია ტიპის არასტრატიფიცირებული ძეგლებით.
საქართველოს ზედაპალეოლითური კულტურული ძეგლები ერთიანდება 3 დიდ ქრონოლოგიურ ჯგუფში:
· ადრინდელი საფეხურის
· განვითარებული საფეხურის
· გვიანდელი საფეხურის ძეგლები.
მეზოლითური ხანის ძეგლები ცალკე IV ჯგუფს ქმნიან. საქართველოს ზედაპალიოლითური და მეზოლითური კულტურებისათვის ზოგადი დამახასიათებელი ნიშნებია: სხვადასხვა ქრონოლოგიურ ჯგუფში შემავალი ქვის ძირითადი ნაწარმის ურთიერთსიახლოვე და მსგავსება; ჯგუფებს შორის მკვეთრი ქრონოლოგიური და კულტურული გამოიჯნულობის (ორიანიაკი, სოლუტრე, მადლენი) არარსებობა; მიკროლითური ტექნიკური და მიკროლითური გეომეტრიული მოყვანილობის იარაღის ადრე გამოჩენა და გვიანობამდე შემორჩენა; რქისა და ძვლის ნაკეთობათა ერთგვაროვნება; ე. წ. სოლუტურული კულტურის არარსებობა და მცირე ხელოვნური ნიმუშების ნაკლები რაოდენობა.
მეზოლითი
მეზოლითი (მეზო... და ...ლითი), შუა ქვის ხანა, პალეოლითიდან ნეოლოთზე გარდამავალი ეპოქა. ამ დროს პლეისტოცენი შეიცვალა ჰოლოცენით. მეზოლითის დასაწყისი ემთხვევა გამყინვარების უკანასკნელი სტატიის დასასრულს. დამახასიათებელია თანამედროვე ჰავა, მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო. ევროპაში მეზოლითი იყო 10-7 ათ. წლის წინ (დადგენილია რადიოლკარბონული მეთოდით), ჩრდილოეთ რაიონებში კი გრძელდებოდა 6-5 ათ. წლის წინათაც, ახლო აღმოსავლეთში — 12-9 ათ. წლის წინ.
საქართველოში თავისებური მეზოლითური თარიღები გვხვდება: მიკროწვეტანები, გვერდებდაბლაგვული მიკროლამელები, თავირიბრეტუშიანი ლამელები, სახერეტები. აგრეთვე თავამოღარული, გვერდამოღარული და დკბილული იარაღი. დიდი რაოდენობითაა ასიმეტრიული იარაღი. საქართველოს მეზოლითური ხანის ძეგლებია ეძანი, ზურტაკეთი, საგვარჯილე, ახათი, წონა, კუდარი, შავი მღვიმე, ქვაჭარა, იაშთხვა, ჯამპალი, ცივი მღვიმე და სხვა.
ნეოლითი
ნეოლითის ხანა –ახალი ქვის ხანა, ქვის ხანის ბოლო საფეხური, რომელიც შეცვალა ენეოლითმა. ტერმინი „ნეოლითი“ მეცნიერებაში 1865 წელს შემოიტანა ჯ. ლაბოკმა იმ პერიოდის აღსანიშნავად, როდესაც ადამიანი თავის საკვებს მარცვლეულის კულტივაციითა და ცხოველთა მოშინაურებით მოიპოვებდა, მაგრამ იარაღის დასამზადებლად (ხისა და ძვლის გარდა) ჯერ კიდევ მხოლოდ ქვას იყენებდა. ნეოლითის განმსაზღვრელი ნიშნებია: მიმთვისებლური მეურნეობიდან (ნადირობა, თევზჭერა, შემგროვებლობა) მწარმოებლურ მეურნეობაზე (მიწათმოქმედება, მეცხოველეობა) გადასვლა, თიხის ჭურჭლის გაჩენა, ქვის იარაღის გაპრიალება, გახვრეტა. კულტურულ–სამეურნეო ნიშნების მიხედვით ნეოლითის კულტურები ორ მთავარ ჯგუფად იყოფა: 1. მიწათმოქმედ–მეცხოველე ტომთა და 2. მაღალგანვითარებულ მონადირეთა და მეთევზეთა.
ევროპასა და აზიაში ნეოლითის ძეგლების დიდი ნაწილი ძვ. წ. VI – III ათასწლეულებითთარიღდება. ახლო აღმოსავლეთში უძველეს მიწათმოქმედ – მესაქონლე ტომთა კულტურები ძვ. წ. VIII –VII ათასწლეულებით თარიღდება. ნეოლითის კულტურებს უკავშირდება შუა აზიის სამხრეთში გავრცელებული ჯეითუნის კულტურა (ძვ. წ. VI-V). ჩინეთის სამიწათმოქმედო ნეოლითი (იანშაო) ეკუთვნის IV – III ათასწლეულს. ეგვიპტესა და ჩრდ. აფრიკაში სამიწათმოქმედო ნეოლითი ძვ. წ. V-IV ათასწლეულებით თარიღდება. კავკასიაში ნეოლითის ძეგლები ძირითადად თავმოყრილია დას.
ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით კი – დას. საქართველოში. აქ გვხვდება როგორც ადრინდელი ნეოლითური უკერამიკო ნეოლითის კომპლექსები (ქობულეთი, ხუცუბანი, ანასეული I, ხორში, გალი I და სხვ.). გვხვდება
აგრეთვე განვითარებული ნეოლითის ხანის კომპლექსები (ოდიში, ანასეული II, კისტრიკი, გურიანთა, მელოური და სხვ.). აღმ. ამიერკავკასიის ვრცელი ტერიტორია (აზერბაიჯანის დიდი ნაწილი, არარატის ველი და სამხ.–აღმ. საქართველო) ძვ. წ. VI-V ათასწლეულებში ათვისებული ჰქონდათ მიწათმოქმედ–მესაქონლე ტომებს (შულავერი-შომუთეფეს კულტურა), რომლის ადრეული ძეგლები (შულავრისგორა, გადაჭრილიგორა, იმირის გორა, შომუთეფე, ხათუნარხი და სხვ.) ყველა ნიშნის მიხედვით განვითარებულ ნეოლითს მიეკუთვნება. ცენტრ. კავკასიის მთისწინა ზოლში, კავკასიის ორივე კალთაზე, გავრცელებული ჩანს მონადირე–მეთევზეთა და შემგროვებელთა ზონალური კულტურა პალურ–ნაგუთანის ტიპისა, რომელიც კოდორიდან არაგვ–თერგის აუზამდე ჩანს გავრცელებული. ამ კულტურას ახასიათებს თავისებური ქვის ინდუსტრია, რომელიც მთიან ზონაში გავრცელებული მეზოლითის საფუძველზე იყო განვითარებული.
No comments:
Post a Comment